Monday, April 18, 2011

დათო კრაწაშვილი – David Kratsashvili (1963 – 1980)



მას პატარა გენიოსი შეარქვეს. წერდა, ხატავდა, მღეროდა. სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა, 17 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. ის თავის წასვლასაც გრძნობდა:
“გასვენების დღეს იქნება წვიმა,
წვიმის წვეთებიც დამიტირებენ,
დამასვენებენ თბილისის მიღმა და,
ალბათ, სამუდამოდ, დამივიწყებენ”…
დათო კრაწაშვილი 1963 წლის 9 ივლისს თბილისში დაიბადა. მამა, მუსიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კრაწაშვილი, სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი იყო.
დათო კრაწაშვილი სწავლობდა 31-ე სამხატვრო სკოლაში. დაამთავრა თბილისის მეორე ექსპერიმენტალური სკოლა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ათწლედი ფორტეპიანოს განხრით.
ამავე წელს თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის განყოფილებაზე ჩაირიცხა, რომლის მხოლოდ ორი კურსის დასრულება მოასწრო.
1979 წელს თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში მოწყობილ არასაკურსო ნამუშევართა გამოფენაზე დათო დაჯილდოვდა სიგელით და პრიზით – “ვენერა” საუკეთესო კომპოზიციისათვის “წვიმიანი დღე”. ეს მისი პირველი და სიცოცხლეში ერთადერთი აღიარება იყო.
სულისშემძვრელი და ნათელი სევდითაა დაღდასმული დათოს სურათები: “ცხოვრების წრე”, “ავდარი დასავლეთში”, “გალაკტიონი”, “ბარათაშვილი”, “ბეთჰოვენი”, “მათხოვარი”, “ადამიანი და სამყარო”, “დაბადება”…
1980 წლის 13 ივლისს დათო კრაწაშვილი ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოპერაციიდან მეთხუთმეტე დღეს დაიღუპა).
დათომ დატოვა 1000-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. არ შემორჩენილა მისი მუსიკალური იმპროვიზაციები, რადგან არასოდეს გადაჰქონდა ისინი სანოტო სისტემაზე.
საბედნიეროდ, შემორჩა დათო კრაწაშვილი თავისუფალი თემები ქართულ ლიტერატურაში – “ჩემი მეგობარი” და “ვინ ვარ მე” – რომელშიც ვკითხულობთ: “და მაინც, ვინ ვარ ახლა მე? ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ თავისთვის შედგენილი კანონები. ეს კანონები მხოლოდ მისთვის არის გასაგები და ასატანი. სხვა ვერც ერთი ადამიანი ამ კანონებით ვერ იცხოვრებს. ეს ადამიანი არ აქცევს ყურადღებას ჩაცმას, ხალხს, მათ აზრებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მისას. მასში არ იწვევს ტრაგედიას ან სიხარულს ყველაფერი ის, რაც სხვისთვის ძნელი ასატან-გადასატანია. ანდა, პირიქით, იწვევს… ჩემი სურვილები მიმდინარე სასწავლო წელთან დაკავშირებით ბევრი იყო. კერძოდ, მინდოდა, სალაპარაკო ლექსიკონიდან ცუდი სიტყვები ამომეშალა, კარგ ნიშნებზე მესწავლა და, რაც მთავარია, მეგობრული დამოკიდებულება მქონოდა თანაკლასელებთან. როცა კარგად მოვიქცევი, დღის რეჟიმს დავიცავ და კარგ ნიშნებს მივიღებ, მშობლები კარგად მეპყრობიან და ბევრ რამესაც დამპირდებიან ხოლმე, თუმცა, უმეტესობა არ სრულდება. რატომ? იმიტომ, რომ მეორე, მესამე ან სულაც ერთი კვირის შემდეგ სამიანს “მივართმევ” მათ და ყველა დაპირებაც საპნის ბუშტივით ქრება… ჩემდა “საუბედუროდ”, დაბადებიდანვე ხატვისა და მწერლობის ნიჭი “დამბრალდა”. ჰოდა, კლასში ხშირად მავალებენ კედლის გაზეთისა და ალბომების გაფორმებას. ეს არც ისე რთულია, მაგრამ ბევრია”.
სიღნაღის ნახატების გალერეაში პიკასოს ნამუშევრების შემდეგ, დათო კრაწაშვილის 65 ნახატი გამოიფინა.
დათო კრაწაშვილი 29 წლის წინ ექიმების შეცდომის გამო გარდაიცვალა.
17 წლის მხატვრის ფენომენალური შემოქმედებითი ნიჭის გამო აშშ-ს მეცნიერებმა გალაქატიკის ერთ-ერთ ვარსკვლავს დათო კრაწაშვილის სახელი უწოდეს.


“დიდია მწუხარება, მაგრამ ტალანტი არ კვდება”
ელგუჯა ამაშუკელი.
“დათუნა, გაუმარჯოს შენს უკვდავებას ქართულ ხელოვნებაში!”
გურამ ფანჯიკიძე
“დათო კრაწაშვილის სახელი დარჩება დიდ ხელოვნებაში ყველაზე ადრეული შესვლის მაგალითად”
ვერა ალექსეევა, რუსი ხელოვნებათმცოდნე.
“ეს ბიჭი გენიოსი იყო და მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ დათომ ჩვენს აღტაცებაში მოსაყვანად თავისი გენის ნაწილი დაგვიტოვა”
მაქს გეიტორი, ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე.
“გაირბენს ეს დრო, ჩაივლის წლები”     
გაირბენს ეს დრო, ჩაივლის წლები
საათი დარეკს და ისიც მოვა…
გამიფრინდება ბავშვობის წლები
გავა ზაფხული და შემოდგომა…
შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს
დაველოდები მერე ცივ ზამთარს-
- ბოლო ნახატი ჩემს სულს გაამხელს…
მოვა ზამთარიც. გამოიცვლებით
ჩაიძირებით მოგონებებში
ოთახში ჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში…
გასვენების დღეს იქნება წვიმა…
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ…
მიმაბარებენ თბილისის მიწას და…
მერე ალბათ დამივიწყებენ…

დათო კრაწაშვილს
ყველაზე მძიმე ის ფიქრი ყოფილა
უთქმელი რომ რჩება გულში,
ყველაზე მძიმე ის სევდა ყოფილა
დიდხანს რომ ვინახავთ სულში.
შენ შენი ოცნება ქაღალდზე დახატე,
მე ლექსში ვეცადე მეთქვა,
ორივეს დაგვქონდა ლამაზი ნატვრები
და ვზრდიდით ოცნებას ფერადს.
შენ იყავ მდუმარე, ვით სვეტიცხოველი
დუმილიც ბევრ რამეს იტევს
და დიდი, წყლიანი, ლამაზი თვალებით
ხატავდი ბავშვობის სიზმრებს.
გიყვარდა რაფაელ და მიქელანჯელო,
გიყვარდა ოცნება ლურჯი,
შენ დადიოდი პატარა მეოცნებედ
და დიდი მხატვრების ფუნჯით.
და შენი სხეული ღრმა ფიქრებს იტევდა,
ჩქარობდი, ჩქარობდი ძლიერ. . .
უთქმელი რომ რჩება, ის ფიქრი ყოფილა
ამ ქვეყნად ყველაზე მძიმე.



აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს.
არ გჯერა?
თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს”.
ო! ისე ლამაზად მეყვარები,
შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ,
არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ.
მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს.
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები”


***             
ვინც სამშობლოში დაბრუნებას აღარ ელოდა,
მიწა გაჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი…
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან
და მიწავ ჩემო, ამიტომაც დაპატარავდი…”





No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.